საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საპილოტე პროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს დაპროექტის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საპილოტე რეჟიმში ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გასულ, რამდენიმე არჩევნებზეწარმატებით განხორციელდა.მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ.
ელექტრონული არჩევნების საპილოტე პროექტის მენეჯერმა ირაკლი ხორბალაძემ საპილოტე პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესი მიმოიხილა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
„საქართველოში, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ცხადყო, რომ ამ საშუალებების გამოყენებას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართო დისკუსია და განხილვა ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ. სწორედ დღეს წარვუდგინეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს ანგარიში იმ მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ორ აპრილს, ბათუმის საარჩევნო ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნა გამოყენებული ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატები კომპლექსურად, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებთან ერთად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა, მიუხედავად იმ მცირედი ტექნიკური გამოწვევებისა, რომელიც ჩვენ ამ პილოტის ფარგლებში გამოვავლინეთ. ეს იყო საპილოტე პროექტი, შევიძინეთ შესაბამისი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციის მიერ უკვე 5 არჩევნებისას გამოყენებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების გამოცდილება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ღონისძიება დღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.