საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები შესაძლოა, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისას საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ
საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები შესაძლოა, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისას საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი ცვლილებები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შედის, რომელიც საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პერიოდში, ამავე პერიოდისთვის დაქირავებული ცესკო-ს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება საპენსიო შენატანების გადახდას არ დაექვემდებარება.
რაც შეეხება პირთა წრეს, ვისზეც კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება, ცესკო განმარტავს, რომ ბოლო არჩევნების დროს მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რაოდენობა 71 687 ფიზიკური პირი იყო, ხოლო მათთვის გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ ჯამში 7 238 050 ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ პირზე – 101.55 ლარი) შეადგინა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა კი, 44 400 ფიზიკური პირი იყო და მათთვის გაცემული სახელფასო ანაზღაურება ჯამში 12 000 000 ლარი (საშუალო ხელფასი ერთ ფიზიკურ პირზე – 270.27 ლარი) იყო.
„კანონპროექტით განსაზღვრული პირები წარმოადგენენ დროებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათი სახელფასო პერიოდი უმრავლეს შემთხვევაში ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდს მოიცავს“, – აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტის ავტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, ინიციატორი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.