საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმის 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე გაზრდა იგეგმება
საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმის 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, სამუშაო ჯგუფში ასევე საუბარია იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ დაინიშნოს პირი და ამ თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს მის მიმართ, ვინც ბოლო ორი საერთო არჩევნების დროს იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის წარმომადგენელი.
„მოქმედი კანონმდებლობით პოზიციები რომ გათანაბრდეს, პარტიების მიერ წარმოდგენილ წევრებს დადგენილი აქვთ სერტიფიცირების მოთხოვნა, ხოლო ადამიანებზე, რომლებიც პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სერთიფიცირება მათზეც გავრცელდეს და ამის უზრუნველყოფას ცესკო განახორციელებს.
იყო საკითხები, რაზეც პოზიციები გაიყო – ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით ორთვიანია, GRECO-ს რეკომენდაციაა, ეს ვადა სამ წლამდე გაიზარდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თქვა, რომ მიუღებელია ამ ვადის გაზრდა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ჩვენც პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს რეკომენდაცია შესაბამის საფუძველზე ორიენტირებულია და ვფიქრობთ, ეს ვადა უნდა გაიზარდოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სამუშაო ჯგუფისთვის, რომელიც სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება, იქნება ასახული ნორმის პროექტი, რომლითაც განმარტებული იქნება, რომ ეს ვადა იზრდება სამ წლამდე, მაგრამ საკითხი დარჩება ღიად და მოხდება დამატებითი არგუმენტაციების განხილვა“, – განაცხადა მიქანაძემ.