საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს საია შეისწავლის
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) შეისწავლის.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს და შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შესაბამისი ზომები გაატაროს.
„მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, დადგინდეს ავთენტურობა, რამდენად მოხდა მსგავსი ტიპის ფაქტები. თუ გამოიკვეთა დარღვევა, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესაძლებლობა არის. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გამოიკვლიოს, რა ტიპის დარღვევა იყო და რა დისციპლინური პასუხისმგებლობა იქნება პროპორციული“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.