ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარტიის ლიდერის გამო, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ინიცირებულია, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს.
კანონპროექტის მიხედვით, თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ან საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკო-ს განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გამოცხადებულია სამართალდარღვევად და ითვალისწინებს შესაბამისი პირის დაჯარიმებას-2000 ლარის ოდენობით. თუმცა საგულისხმოა, რომ ამჟამად არ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ასეთი ჩარევის შემაკავებელი ეფექტიანი მექანიზმი. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ეს კი, ერთი მხრივ, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ აკავებს საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ჩარევის რისკებს; მით უმეტეს, ეს რისკები გაზრდილია იმ პირობებში, როდესაც საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.
მნიშვნელოვანია, რომ თუ პირი საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს, შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მათ ორმხრივად (როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ისე საარჩევნო სუბიექტს) ეკისრებოდეთ“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ იგეგმება, მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.