პარლამენტი დღეიდან საარჩევნო კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლებიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციებს ეფუძნება. აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში გათვალისწინებული იქნება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები, რომლის მიზანი ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაა.
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელთა გათვალისწინებაც არჩევნების დღეს აუცილებელი იქნება. საუბარია როგორც პირბადეების გამოყენებაზე, ასევე სოციალურ დისტანციასა და თერმოსკრინინგზე.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებების მიზანია, დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების წყაროდ არ იქცეს.
„ეს ცვლილებები ეფუძნება ფართო კონსენსუსს. ფართო ჩართულობის შედეგად შემუშავებული დოკუმენტია. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის და შედეგად ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის რომ არჩევნები იყოს კიდევ უფრო გამჭირვალე, კიდევ უფრო დახვეწილი საარჩევნო კანონმდებლობით. ეს ცვლილებები იქნება პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიღებული ცვლილებები. ჩვენი ამოცანაა, პანდემიის პირობებში არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებული ზომები და ღონისძიებები იქნება გატარებული, რათა ამომრჩეველს, ერთი მხრივ, ჰქონდეს მისი არჩევანის რეალიზების სრული შესაძლებლობა და მეორე მხრივ, აღნიშნული საარჩევნო პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული. ისინი ხმის მიცემის პროცესში თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ, იქნებიან დაცულები. უშუალოდ საარჩევნო დღე, ისევე, როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ჩატარდება იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კოდექსში მათი წინადადებების ასახვას ითხოვს. ოთარ კახიძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების შეკრება უნდა შეიზღუდოს და დიდი უბნები დაიყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.