პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება.
კერძოდ, როგორც მომხსენებელმა გივი მიქანაძემ განმარტა, ამ თანამდებობებზე ხუთი წლის ვადით ასარჩევად, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 76 ხმისა, საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა საერთო შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს 3/5-ის მხარდაჭერას, საკითხი დადგება კენჭისყრაზე და საერთო შემადგენლობის უმრავლესობას შეეძლება, აირჩიოს ის. ხოლო თუ 76 ხმა ვერ მოგროვდება, მომდევნო სხდომაზე კვლავ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, სადაც შესაძლებელი იქნება 76 ხმით მოიპოვოს კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა. ამასთან, თუკი კვლავ ვერ მოხდება საჭირო ხმების კონსოლიდირება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ამ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტი კონკურსში მონაწილე პირებიდან თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხუთი წლის ვადით დანიშნავს ცესკო-ს თავმჯდომარეს ან წევრს.
გივი მიქანაძის განცხადებით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ეს კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში ექსპერტული დასკვნისთვის.
პარლამენტმა კენჭი უყარა პირველი მოსმენით წარმოდგენილ პროექტს და 81 ხმით დაუჭირა მხარი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.