საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარ თემას ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის დეტალური განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციის ნაწილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრის შედეგად, 13 საკითხზე შეთანხმდნენ, რომელიც ასახული იქნება მეორე პროექტში.
1. გაციფრულებული ბიულეტენის ატვირთვის ვადა სამი დღიდან ორ დღემდე შემცირდება, რადგან გასაჩივრების ვადა არის სამ დღემდე და შესაძლებლობა იყოს, გასაჩივრება დროულად მოესწროს. ეს იყო პირდაპირ რეკომენდებული; 2. არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეაგირების 60-დღიანი ვადა ნახევრდება და დაყვანილი იქნება 30 დღემდე; 3. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებული ხანდაზმულობის ვადა 3 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება; 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება-არდაკისრების ვადა საარჩევნო დღემდე შემცირდება 7 დღემდე. ჩვენ მოცემულ პაკეტში 15 დღე გვეწერა, ხოლო არჩევნების დღესთან დაკავშირებით, 15 დღე შემცირდება 12 დღემდე; 5. დამკვირვებლევისთვის შეზღუდვები გამკაცრდება. ამ რეკომენდაციების საფუძველზე ჩვენ გვაქვს მოცემულ პაკეტში, რომ ბოლო ერთი საერთო ან შუალედური არჩევნების პერიოდიდან მოყოლებული, არ უნდა ყოფილიყო რომელიმე საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი ან არ უნდა გაეკეთებინა შემოწირულობა. ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, რომ როგორც ქვედა რგოლის კომისიის წევრისთვის ბოლო ორი არჩევნები ანალოგიურად არის მოცემული, გაგვეხანგრძლივებინა ეს ვადა და მეტი გარანტიები შემოგვეტანა; 6. შშმ პირებთან დაკავშირებული ნორმები გადადის გარდამავალ დებულებებში; 7. დათვლა და საბოლოო ოქმის შედგენა გულისხმობს, რომ უპირატესობა მიენიჭება ხელით დათვლილ მონაცემებს, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარმოდგენილი; 8. არჩევნების დასრულების შემდეგ, ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი გამოყენებული იქნება წინასწარი შედეგების შესაჯამებლად, ხოლო თითოეული კომისია განახორციელებს ბიულეტენების დათვლას და საბოლოო ოქმების შედგენას; 9. ყველა ამომრჩეველი იქნება მარჯირებული, მიუხედავად იმისა, რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში, ელექტრონული საშუალებებით თუ ტრადიციული გზით; 10. კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც ცესკო-ს უნდა წარუდგინონ საპარლამენტო თუ მუნიციპალურ არჩევნებში, ჩვენ გავანახევრეთ, ანუ 76 გვქონდა პირველი მოსმენით პარლამენტში და ნახევარი იყო საკრებულოების შემთხვევაში. ეს ნაბიჯი იყო პოზიტიურად შეფასებული, მაგრამ მოგვიწოდეს, რომ კიდევ შეგვემცირებინა. ამიტომ შემოგვაქვს 40%-იანი დათქმა; 11. ბინადრობის ცენზის შემცირება – ამაზეც პოზიტიური დასკვნებია, როცა ხუთი წლიდან შევამცირეთ ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის ერთ წლამდე, მაგრამ გვითხრეს, რომ რეკომენდებულია, შემცირდეს 6 თვემდე, ან გაუქმდეს. ამიტომ ეს ვადა 6 თვემდე შემცირდება; 12. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებების ვადა მკაცრად განისაზღვრება. იქნება არჩევნებამდე 30-ე დღეს; 13. სერტიფიცირების ვალიდურობის დადგენა გვთხოვეს და, არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე, ეს იქნება 5-წლიანი ვადა და გაიწერება კანონში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება იყო ოპოზიციური სპექტრის მხრიდან საკითხზე, რომ განხორციელდეს კომისიის პარტიული წევრების სერტიფიცირება. მიქანაძის თქმით, ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
„ეს საკითხი ღიად რჩება. შევთანხმდით, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში აისახება, თუმცა საჭიროებს დამატებით განხილვას და შეთანხმებას. ამიტომ ხვალ, იურიდიულ კომიტეტზე ამ პაკეტის მოსმენას დავუბრუნდებით. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ რიგ საკითხებზე, რომლებზეც დამატებითი შენიშვნები იყო გამოთქმული და მივედით დასკვნამდე, რომ, რიგ შემთხვევებში, ინფორმაცია არ არის სწორად გაზიარებული გარკვეული პირების მიერ და ამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზეა ჩაწერილი გარკვეული დასკვნები. ამის თაობაზე მექნება შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის სხდომაზე მონაწილეობის დროს შესაბამისი არგუმენტირებული განცხადება გავაკეთო. რიგ საკითხებზე არის საუბარი, რომ ეს გათვალისწინებულია 2021 წელს მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტით და, შესაბამისად, რადგან ის შეფასებული არ ყოფილა ამ დრომდე, კვლავაც შეიძლება, აღმოჩნდა ამ დასკვნაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.