საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებსა და პროცედურებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პირადად ენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები.
ამჯერად შეხვედრებში მონაწილეობა იმ პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საკანონმდებლო ორგანოში, ან იღებენ კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ან ჰყავთ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
17-18 მარტს გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 700-მდე ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.