საარჩევნო ადმინისტრაციამ 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა
საარჩევნო ადმინისტრაციამ 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა. სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებდა, განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა.
ცესკო-ს ცნობით, სამუშაო შეხვედრაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ცესკო-ს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი და გათვალისწინებული აქტივობები. სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი საკითხების განხილვას დაეთმო.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ინსტიტუციური განვითარებისთვის გუნდური მუშაობა, საქმიანობის დაგეგმვის, შეფასებისა და გაანალიზების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება აუცილებელია.
„უკვე მეორე წელია საარჩევნო ადმინისტრაციაში ტრადიციად იქცა თანამშრომელთა თითქმის სრული შემადგენლობის ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება როგორც უკვე განხორციელებული საქმიანობის განხილვას, შესწავლასა და შეჯამებას, ისე სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას. ასეთი სამუშაო შეხვედრები, თანამშრომელთა მოსაზრებების მოსმენა, განხილვა და თავისთავად გათვალისწინება, პირველ რიგში ხელს უწყობს გუნდურობის განმტკიცებას, სტრუქტურულ ერთეულებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში შემავალ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას, რაც შემდგომ თავისთავად დადებითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხარისხზე. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ინკლუზიური მიდგომა იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული და გამოწვევებით სავსე 2023 წელი და არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით პილოტირების უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით გავიარეთ, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით მიღებული დიდი გამოცდილებით, ჩვენ მზად ვართ მაღალ პროფესიულ დონეზე გავუწიოთ ადმინისტრირება 2024 წლის პარლამენტისა და შემდგომ არჩევნებს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს ცნობით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა, საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა.
„სამოქმედო გეგმის პროექტში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. შემაჯამებელ შეხვედრას წინ უძღოდა ბოლო 2 თვის განმავლობაში სტრატეგიული დაგეგმარებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მიერ ყველა სტრუქტურულ ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან გამართული სამუშაო შეხვედრები. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვა დამტკიცების მიზნით ცესკო-ს 27 დეკემბრის სხდომაზე განხორციელდება. 2023-2026 წლების სტრატეგია გასულ წელს ასევე თანამშრომელთა ჩართულობით შემუშავდა და შემდეგ სამ სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს: „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, „ინსტიტუციური გაძლიერება“ და „ტექნოლოგიური განვითარება“. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები კი ხელს უწყობს სტრატეგიით გაცხადებული მიზნების მიღწევას. სამუშაო შეხვედრა 23-24 დეკემბერს ცესკო-ს ორგანიზებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.