სააპელაციო სასამართლოსთან პარლამენტთან დაკავებული ადვოკატის, ბექა ბასილაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან პარლამენტთან დაკავებული ადვოკატის ბექა ბასილაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
სასამართლოსთან მისი კოლეგები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ ბექა ბასილაიას დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, სასამართლო რეალურად არ იხილავს 20-21 ივნისს პარლამენტთან დაკავებული პირების საქმეებს და ყველა დაკავებულის მიმართ ერთი და იმავე წესით გამოაქვს გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდები შეყარეს შაბლონური შუამდგომლობებით, რომელიც წარდგენილია სასამართლოში, თითქოსდა ყველა აყენებდა შეურაცხყოფას და იგინებოდნენ, ახლა როდესაც ხელისუფლება მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა არის მათთვის დამაზიანებელი, დაიწყო ისევ მათი კონვეირული წესით გათავისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა არ გათავისუფლებულა.
მე, დღეს ვიმყოფები ბექა ბასილაიას პროცესზე, ამ ადამიანმა ორი დღის წინ უარი თქვა საკუთარი საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ სოლიდარობას უცხადებდა ყველა დაკავებულს და ვიდრე ეს ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები, იგი რჩება საპატიმროში. ბასილაია მიტინგზე იმყოფებოდა ერთი მიზნით, როდესაც ის მოუწოდებდა სამართალდამცველებს, რომ ნუ ისროდნენ რეზინის ტყვიებს და ამ საქციელით ისინი ექცეოდნენ რუსული მონური დამოკიდებულების ქვეშ. სწორედ აი ამ სიტყვების გამოა ეს ადამიანი პატიმრობაში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
ბექა ბასილაიას ადმინისტრაციული საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა განიხილოს. საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს.
საქმის განხილვა თავდაპირველად 23 ივნისს გაიმართა, თუმცა ბასილაიამ მისი საქმის გადადება მოითხოვა, რადგან მისივე განცხადებით უნდა მოხდეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება. მას 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.