სააპელაციო სასამართლოსთან 20 ივნისის ღამეს, აქციების დაშლის დროს დაკავებულთა სოლიდარობის აქცია იმართება
სააპელაციო სასამართლოსთან 20 ივნისის ღამეს, აქციების დაშლისას დაკავებულთა სოლიდარობის აქცია იმართება. სოლიდარობის აქცია სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივრების განიხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
აქციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები მონაწილეობენ.
„სასამართლომ იგრძნო ხალხის ყურადღება და წნეხი. გუშინ ღამე ტარდებოდა აქ პროცესები და რამდენიმე ადამიანი გამოუშვეს. ანუ ხალხის ჩართულობა და საზოგადოებრივი ყურადღება მოქმედებს ამ პროცესებზე, თან ეს ადასტურებს, რომ სამართალთან ამ პროცესებს ძალიან ცოტა აქვს საერთო. ეს არის პოლიტიკური პროცესი. სწორედ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ეს ადამიანები არიან დაკავებულები და სასამართლო როდესაც მათ ათავისუფლებს არ აღიარებს, რომ ისინი იყვნენ დაკავებულები უსამართლოდ. ეს არის ის გამოსავალი, რომელიც ლევან მურუსიძის სასამართლომ მონახა, ერთი მხრივ ხალხის წნეხს გაუძლოს და უპასუხოს და მეორე მხრივ დააკმაყოფილოს პოლიტიკური პოლიციის მოთხოვნა და არ აღიაროს, რომ მათ შეეშალათ როდესაც ბითუმად აყარეს ღამე ასობით ადამიანი. შემდეგ რაც ვნახეთ იყო „ტროიკის“ სტილის სასამართლო პროცესები ქალაქის სასამართლოში, როგორ ჩქარ-ჩქარა შაბლონური ტექსტებით გაასამართლეს დაახლოებით 100 ადამიანი და პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა 305 დაკავებულს, ამიტომ ვართ სააპელაციო სასამართლოსთან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
სოლიდარობის აქციის მონაწილის, იურისტის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათი მიზანია სოლიდარობა გამოუცხადონ დაკავებულებს.
„სააპელაციო სასამართლოში ვხედავთ უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დარბაზებიდან ათავისუფლებენ ადამიანებს, მათ ცნობენ დამნაშავეებად, უბრალოდ სასჯელის მოხდად იმ რამდენიმე დღეს უთვლიან, რომელიც გაატარეს საპატიმროში. დაკავებულებს აქვთ საკმაოდ მძიმე დაზიანებები.
ჩვენი სოლიდარობას გამოვთქვამთ დაკავებული ადამიანებისადმი. ვუერთდებით რუსთაველზე მიმდინარე აქციას. იმედი გვაქვს, რომ ეყოფათ მინიმალური გონიერება მაინც, მინისტრი გადადგება და აიღებს პასუხისმგებლობას იმ მძიმე მოვლენებზე, რაც დატრიალდა რუსთაველზე 20 ივნისის ღამეს“,-განაცხადა კუპრაძემ.
დღეს სააპელაციო სასამართლომ სულ 12 ადამიანის სარჩელი უნდა განიხილოს.