სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დღეს დაიწყება.
როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს, რადგან მისი თქმით, არსებითად არის დარღვეული კალანდიას სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ადვოკატის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება, გაუგებარი მიზეზების გამო, პროცესზე კალანდიას მიყვანისგან თავს იკავებს.
„მიუხედავად ამისა, სხდომაზე ადვოკატები დავესწრებით, უშუალოდ ჩატარდება სხდომა. დადგება ჩვენი შუამდგომლობები, რომლებიც უნდა იქნას განხილული სააპელაციო ინსტანციაზე. შუამდგომლობები ეხება იმ დარღვეული სამართლიანი სასამართლო უფლების აღდგენას, რასაც სააპელაციო ინსტანციას ვთხოვთ უკვე რამდენიმე ხანია. საქმე ეხება ყველაზე მთავარი, ყველაზე არსებითი ხასიათის სამართლიანი სასამართლოს უფლების აღდგენას, რაც შეეხებოდა მოწმეების დაკითხვის ნაწილში, როდესაც მოსამართლე ფაქტობრივად არ ასრულებდა თავის მოვალეობას, თავის ფუნქციას, ისე გამოიტანა განაჩენი, უფრო სწორად განაჩენს მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უშუალოდ ვთხოვთ, რომ პირველი ინსტანციის ეტაპზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, როგორც წერილობითი, ასევე მოწმეთა გამოკითხვები, ჩატარდეს ხელახლა, რადგან არსებითად არის დარღვეული კალანდიას სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოსამართლემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და ფაქტობრივად გამზადებულ განაჩენს მოაწერა ხელი“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.