სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვაზე ხმაური იყო
ხმაური იყო სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ ხორავას საქმის პროკურორი პირველ ინსტანციაში, დააწინაურეს.
სარალიძე სააპელაციო სასამართლოში ამ ინფორმაციის გამო, საქმის მოქმედ პროკურორს დაუპირისპირდა.
ზაზა სარალიძემ დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელს თორნიკე ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვითარება მანდატურებმა განმუხტეს და ზაზა სარალიძის შეძახილების შემდეგ, მას შენობა დაატოვებინეს.
„რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკო, ჩემი შვილის მკვლელს აწინაურებენ. იმედა გუგუშვილს, რომელიც ზვიად ფხაკაძესთან ერთად ჩემი შვილის საქმეს აყალბებდა. თუ ეს მართალია, პროკურატურაში შეხვედრა მინდოდა გამომძიებლებთან, მაგრამ რაში მჭირდება შეხვედრა, როდესაც მკვლელ პროკურორს აწინაურებენ”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ამჟამად საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ აღნიშნა, რომ იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.