სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა იწყება
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა იწყება.
დღეს 14:30-ზე მეორე ინსტანციის კოლეგია სააპელაციო სარჩელის განხილვას დაიწყებს.
მეორე ინსტანციაში როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურატურა დავობს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.
პირველი ინსტანციის განაჩენით გ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელის ვადად ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
არასრულწლოვან გ.ბ-ს ბრალად ედებოდა როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და სასჯელის ვადად განესაზღვრა 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურა განაჩენს სწორედ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში ასაჩივრებს. გ.ჯ-ს ადვოკატების ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში ისინი ახალ მტკიცებულებას წარმოადგენენ, ეს არის ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.
ისევე როგორც პირველ ინსტანციაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანთა საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დახურულ რეჟიმში წარიმართება.