სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია
სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დაცვის მხარე ასაჩივრებს.
სასამართლოში საჩივარი უკვე შეტანილია. მხარეებისთვის ჯერ უცნობია, იმსჯელებს თუ არა საკითხზე მოსამართლე მათი მონაწილეობით.
სასამართლოს უფლება აქვს საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშეც განიხილოს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.