სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა, ერთი კი დღეს გათავისუფლდება
სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა, ერთი კი დღეს გათავისუფლდება.
როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იყო 61 პირის სააპელაციო საჩივარი.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა 61 პირის სააპელაციო საჩივარი. მათგან რიგ შემთხვევებში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო ზოგ შემთხვევაში დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ 55 პირი გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ერთი პირი კი, რომელსაც შეუმცირდა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან“, – განაცხადა ხატია არდაზიშვილმა.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყველა პირის მიმართ ინდივიდუალურად განიხილა საქმე.
„შესაძლოა ამ პირების მიმართ საქმეები გაერთიანდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შაბლონურად მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კონკრეტული პირების მიმართ განსაზღვრული იქნა კონკრეტული ადმინისტრაციული სახდელი“, – განაცხადა მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა.