სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გ.წ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.
გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.