სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობები.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ორივე მხარე ასაჩივრებდა. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა და პროკურატურამ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს შაბათს მიმართა.
დაცვის მხარე კი ითხოვდა აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან გაუქმებულიყო ის ორი შეზღუდვა, რომელიც ეხება მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელის ინფორმირებას და ასევე შეზღუდვას იმის შესახებ, სადაც საუბარია საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.