სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობდა. პროკურატურა ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, თანხების გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა. მუხლის ხანდაზმულობის გამო კი მათ სასჯელი არ განესაზღვრათ. პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდების დაბრუნებას ითხოვდა.
თავის მხრივ, განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდათ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა ძალაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე.