სააპელაციო სასამართლომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მან მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა.

საუბარია ანა დოლიძის სარჩელზე საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ. 2018 წელს გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსული ორგანიზაციის სასარგებლოდ საქმიანობდა. ანა დოლიძემ ეს მაშინვე უარყო და სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც გვრიტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

როგორც მოსამართლემ პროცესზე განმარტა, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება არ ადასტურებს განზრახ არსებითი არასწორი ფაქტის გავრცელებას.

„შეიძლება ამ სასამართლოს თვალში რუსეთის აგენტობა არ არის ზიანის მომყენებელი, მაგრამ თავად გვრიტიშვილს აქვს ეთერში ნათქვამი, რომ მან ეს ინფორმაცია გაავრცელა იმისთვის, რომ ჩემი მორალური რეპუტაციისთვის საზოგადოებაში ზიანი მიეყენებინა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს კლანი, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი და მას უკავია ძალიან სერიოზული, მაღალი თანამდებობა. გასაგები იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა დიმიტრი გვრიტიშვილის გაკრიტიკებას. გენადი მაკარიძეს უფროსი იყო დიმიტრი გვრიტიშვილი ქუთაისის სასამართლოში. გარდა ამისა, ბატონი მაკარიძის ბიოგრაფიას თუ დახედავთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ელვისებური სისწრაფით დაწინაურდა. ჯერ გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში, მერე ქალაქის სასამართლოდან გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სწორედ წინა კვირას, ის საბჭომ წარადგინა უზენაეს სასამართლოში. გენადი მაკარიძის უსწრაფესი დაწინაურება, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ის ემორჩილება და იზიარებს იმ მისწრაფებებს, რომელიც აქვს კლანს. ფაქტია, რომ მოსამართლე გენადი მაკარიძე, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა და რომელიც „კარიერულ გარღვევას ახდენს, ვერ წავიდა მისი უფროსის და გავლენიანი სასამართლო თანამდებობის პირის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, შესაძლებელია, სამართლიანობის აღდგენისთვის პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.