სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24:03:22 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მესამე პუნქტების შეცვლის საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ეკვივალენტით ლარის ოდენობით. ალექსანდრე ნინუას მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით. დავით კეზერაშვილის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა ალექსანდრე ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. გადაწყვეტილება შეიძლება 21 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით“, – განაცხადა მოსამართლემ.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის, GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.