თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლომ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რადგან მათ ეს ვადა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოხდილი აქვთ, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.
დაკავებული მოქალაქეების ნაწილის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გვიან ღამით დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებულების ადმინისტრაციული საჩივრები განიხილა.
25 ივნისს უნდა გაიმართოს აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას პროცესი. მოსამართლეს საჩივრის განხილვის გადადების შუამდგომლობით 23 ივნისს თავად ბასილაიამ მიმართა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა მანამდე, სანამ სხვა დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.