სააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
სააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სასამართლომ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რადგან მათ ეს ვადა უკვე მოხდილი აქვთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ყანჩაველი იხილავდა წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებულების ადმინისტრაციულ საჩივრებს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ დაკავებულებიც, რომლებმაც დაკავების პროცესი გაიხსენეს.

„ვიდექი პარლამენტთან, ვიღაცამ დაიძახა ხმამაღლა მომყევით ხალხო შევიდეთ შიგნითო, მომაწვნენ და ვიჭყლიტებოდი, სპეცრაზმელს ვთხოვე, რომ შიგნით შევეშვი რათა სული მომეთქვა, შემიშვეს და მერე დავაპირე გამოსვლა და უკვე აღარ გამომიშვეს, ვიღაცამ დაიძახა, სავარაუდოდ სამართალდამცველმა, სად უშვებთო. სრულიად ფხიზელი და გაწონასწორებული ვიყავი“, – განაცხადა ილია მეტრეველმა.

„ღამის პირველ საათზე გავედი, რათა დავხმარებოდი იქ დაშავებულებს, გაზის ჭავლიდან ვაშორებდი ხალხს, დილით შვიდის წუთებზე მოხდა დაკავება, ამ დროს უკვე თსუ-სთან ვიყავით. გადავწყვიტეთ რუსთაველის გამზირისკენ წავსულიყავი, ორ მეგობარ გოგონასთან ვიყავი. ფილარმონიის წინ იყო მანქანა და ხალხმა დაიწყო ამ მანქანის გადატრიალება. ამ დროს ცუდად გახდა ჩემი მეგობარი გოგონა და ეგონა მანქანაში ვიღაც იჯდა და ის ამოაყირავესო, ვერის ბაღში შევიყვანე, წყალი დავალევინეთ. მერე რომ გამოვდიოდი იქ ვერის ბაღში დამაკავეს“, – განაცხადა დაკავებულმა საბა დემეტრაშვილმა

„მე ვიყავი გრიბოედოვის ქუჩაზე, დაახლოებით 15 წუთში ამოცვივდა ხალხი და პოლიციამ მითხრა ჩამოდით უნდა დაგაკავოთო, მე ვუთხარი, რომ აქ ვცხოვრობთქო და არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა რევაზ ავდალოვმა.

სასამართლო სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს შს სამინისტროს წარმომადგენლებმაც.

„პოლიციელები როდესაც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, მათ თავს დაესხნენ. ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ დაგვეკავებინა სამართალდამრღვევები. არაერთხელ შეათავაზებული იყო დამშვიდებულიყვნენ, დაწყნარებულიყვნენ, მაგრამ არ დაემორჩილნენ, პოლიციელი არავის ინტერესს არ იცავდა და მისია იყო ერთი, რომ დაეცვათ წესრიგი. ვინც არ დაემორჩილა პოლიციელს და იყო აგრესიული, მოხდა დაკავება“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე.

დღეს ასევე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე პირის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა.