საახალწლოდ ბათუმში იტალიელი მომღერალი ინგრიდი ჩამოვა. კონცერტი ბათუმის ბულვარში 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომღერალი მსენელის წინაშე მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
ამასთან, 29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით და სხვა დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ საახალწლო სუვენირები.
ბათუმის ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ.