საახალწლო ბაზრობები თბილისში 16 ადგილზე გაიმართება. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მითითებულ ადგილებზე მოსახლეობას საშუალება ექნება, საკუთარი პროდუქციით ივაჭროს.
ბაზრობების ადგილები, ძირითადად, მეტროებთან იქნება. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ყუშიტაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ვაჭრობა აკრძალულია და მოქალაქეებს კანონის დარღვევის უფლება არ მიეცემათ. მისივე თქმით, მოვაჭრეები სხვადასხვა ადგილზე შესაძლებლობების ფარგლებში გადანაწილდებიან.
„მათზე, ვინც ამ ლოკაციებიდან მოშორებით თვითნებურად ან ქაოტურად განაწილდებიან, რეაგირებას მოვახდენთ. რეაგირება, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს კანონის შესაბამისად, მაგრამ მათ საშუალება არ მიეცემათ, თავიანთი პროდუქტების, თანაც მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვლადიმერ ყუშიტაშვილმა.