სააკაშვილის ყოფილი ექთანი - ტელევიზორში ყოველდღე ვისმენთ, რომ მედმუშაკები, სავარაუდოდ, შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, სააკაშვილს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, ვუზომავდი წნევას, როცა ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა, აი, ნონა დავიჭიროთ
ტელევიზორში ვისმენთ, რომ მედმუშაკები, სავარაუდოდ, შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, დასაჭერ სიაში და ა.შ. პაციენტს (სააკაშვილს) ჰქონდა ჩართული ტელევიზორი, ვუზომავდი წნევას, როცა შემოტრიალდა ჩემკენ და თქვა: აი, ნონა დავიჭიროთ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა, ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მედდა ყვება, ეს მისთვის სტრესული იყო. ასევე, მან ისაუბრა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ მისი პირადი მონაცემების გამოკითხვასთან დაკავშირებით.
„მე ვარ ის ექთანი, ვისზეც „ფეისბუქზე“ დაწერა ქალბატონმა ნინომ. შეკითხვა იყო სასამართლოზეც, სადაც მე ვუპასუხე ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს, რომ მისგან კონკრეტულად მუქარა არ ყოფილა, მაგრამ წარმოიდგინეთ მორიგე ექთანი, რომელიც შედის პაციენტთან წნევის გასაზომად, ყველა არხი ატრიალებს ერთსა და იმავეს, რომ მედმუშაკები, სავარაუდოდ, შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, დასაჭერ სიაში და ა.შ. პაციენტს ჰქონდა ჩართული ტელევიზორი, აღარ მახსოვს, რომელი არხი იყო, ვუზომავდი წნევას, როცა პაციენტი შემოტრიალდა ჩემკენ და თქვა: აი, ნონა დავიჭიროთ. ეს ჩემთვის იყო სტრესი, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, გავუშვი წნევის აპარატს ხელი და ვკითხე კიდეც: რატომ?
ჩემთვის ძალიან გაუგებარია, ეს რას ნიშნავდა, რადგან დილით, როცა გადავაბარე ცვლა და მოვიდა მეორე მორიგე ექთანი, ჩემი მორიგეობის სამუშაო საათი დამთავრებული იყო, მორიგე ექთანმა მითხრა, პაციენტი გეძახისო. მე რატომ უნდა დამიძახოს, ხომ იცის, რომ უკვე შენ ხარ მორიგე-მეთქი, არ ვიცი, შედი, პაციენტი გეძახისო. როცა პალატაში შევედი, ბატონი მიხეილი დამხვდა ბატონ შალვასთან ერთად. ვიყავი გაოცებული, რატომ დამიძახა პაციენტმა არასამუშაო საათებში. ბატონმა შალვამ იკითხა ჩემი გვარი. როცა გავეცი პასუხი, შემდეგი შეკითხვა იყო: სადაური ხარ? ამ შეკიხვაზე პასუხი არ გამიცია. ცოტა ხნის შემდეგ იკითხა ჩემი მობილურის ნომერი. ვუპასუხე ტელეფონის ნომერი, მაგრამ ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, ალბათ ვერ ვუპასუხებდი, რადგან ბევრი უცხო ზარი შემოდის ჩემს მობილურზე და არ ვპასუხობ, თუ არ დაიწერა სახელი-მეთქი, რაზეც ბატონმა შალვამ მიპასუხა, არა უშავს, მე მოგწერ მესიჯადო. – რისთვის-მეთქი? – იმიტომ, რომ შენ ხარ შეყვანილი სასამართლოზე დასაკითხ სიაში. ცოტა გაუგებარი იყო, რა მიზეზით უნდა წავსულიყავი სასამართლოზე დასაკითხად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა.
კითხვაზე, „რამდენად თავისუფლად გრძნობდით თავს და სასამართლოზე თქვით ყველაფერი, რაც გინდოდათ, რომ გეთქვათ“, – ნონა პანტიაშვილი პასუხობს: „სამწუხაროდ, ყველაფერი სასამართლოზე არ მითქვამს, თავისუფლად როგორ უნდა ვყოფილყავი პროცესზე, როცა ტელევიზორში ყოველდღე ვისმენთ ერთსა და იმავეს, რომ გვიცხადებენ უნდობლობას, დაგვიჭერენ, სიაში შეგვიყვანენ და ა.შ. მე არ შემიძლია მუშაობა იქ, სადაც არ მენდობიან“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისთვის მიმდინარე პროცესზე ექთანი ნონა პანტიაშვილი 20 იანვარს დაიკითხა.