სააკაშვილის ყოფილი ექთანი - ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს
ყველა იყო დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა, ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთი წამლის მიღებაზე უარს აცხადებდა.
„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.
ექთნის თქმით, პერიოდულად ხდებოდა, როცა მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს არ ემორჩილებოდა.
„ჩემთვის დიდი სტერსია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება დანიშნულების მიღებაში. ამით აზარალებს თვითონ თავის თავს, მაგრამ, როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ. ყველამ ნახა ეს კადრები, ძალიან კარგად დაინახეს, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. პერიოდულად ხდება ასე“, – განაცხდა ნონა პანტიაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის ყოფილი ექთანი ამბობს, რომ გულის წასვლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად პაციენტისგან იღებდნენ.
„ძირითადად პაციენტისგან ვიღებდით ამ ინფორმაციას, რომ გული შეუწუხდა, მაგრამ რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია – ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.
გარდა ამისა, ნონა პანტიაშვილის თქმით, დაწერა განცხადება, რომ მას აღარ შეუძლია კლინიკაში მუშაობა, რადგან ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ (ხაჭაპურიძე) მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც იყო დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – განაცხადა ექთანმა, რომელმაც გაიხსენა, რა ხდებოდა მაშინ პალატაში.
„ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს. მე რომც არ ვთქვა, მგონი, მსოფლიომ ნახა ეს კადრები და არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი, დამეწყნარებინა. ვცდილობდი, ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. თვითონ ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, პაციენტის მონაცემები დაფიქსირდა მონიტორზე, ცოტა ხანში პაციენტმა მოიხსნა „ლიპუჩკები“ და გადაისროლა. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო ჰგავდა დადგმულ სპექტაკლს, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.