სააკაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას შთაგონების წყარო და მსოფლიოს დიდებული ლიდერი უწოდა
სააკაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას შთაგონების წყარო და მსოფლიოს დიდებული ლიდერი უწოდა

ჩემს პარტიასა და ჩვენთან ალიანსში მყოფ ოპოზიციას 60%-ზე მეტი გვაქვს, რაც მეორე ტურის წინ ჩვენს ლიდერობას ნიშნავს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Euronews-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სამომავლოდ საქართველოს მთავრობაში ოფიციალური პოზიციის დაკავება არ სურს და მისი მთავარი გამოწვევა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის შეყვანა იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტის შეწყალებას ქვეყანაში დასაბრუნებლად, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისგან შეწყალება არ სურს, რადგან როდესაც საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ცვლილებები სასამართლო სისტემაშიც მოხდება და უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შეძლებს. თუმცა როგორც სააკაშვილი ამბობს, ამ სისტემაში წმენდა არ მოხდება.

Euronews-ის ჟურნალისტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი მმართველობის დროს, დამოუკიდებელი ორგანიზაციები ციხეებში არსებულ ვითარებას და პოლიტიკური პატიმრების არსებობას აკრიტიკებდნენ. როგორც სააკაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, სერიოზულად არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა, თუმცა, მისი აზრით, საქართველო კრიმინალური ქვეყანა იყო და ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცა.

ჟურნალისტის განცხადებით, მოსახლეობას ეშინია, რომ სააკაშვილის დაბრუნებით ადამიანის უფლებების დარღვევაც დაბრუნდება. სააკაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის უფლებების სერიულად დამრღვევად ან ავტორიტარ ლიდერად არავის დაუხასიათებია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, მასზე PR თავდასხმა რუსეთისგან ხდება.

ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტი დაინტერესდა, სოციალურ ქსელში წარწერის – „გავხადოთ საქართველო კვლავ დიადი“ – გაკეთება, ნიშნავს თუ არა, რომ მისი შთაგონების წყარო დონალდ ტრამპია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როდესაც დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ბიზნესმენი იყო, აღნიშნა, რომ სააკაშვილი იყო მისი შთაგონების წყარო და მსოფლიოს დიდებულ ლიდერს უწოდებდა.

„ეს ნახევრად ხუმრობაა. ეს არ არის ჩემი პარტიის მთავარი დევიზი, მაგრამ ყველა პოლიტიკოსს სურს, მისი ქვეყანა დიადი იყოს. ჩვენ შემთხვევაში, ვიყავით ნომერ პირველი მსოფლიო პოლიტიკური რეფორმატორი და გვსურს, რომ ამ წერტილზე დავბრუნდეთ“ – აღნიშნა სააკაშვილმა Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.