ადვოკატი - სააკაშვილს გადავეცით მედიკამენტები, პირადი ნივთები, წიგნები და რვეულები
ადვოკატი - სააკაშვილს გადავეცით მედიკამენტები, პირადი ნივთები, წიგნები და რვეულები

ადვოკატებმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტები და პირადი ნივთები გადასცეს. მათი განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

„დღეს ჩვენ მოვახერხეთ მისთვის პირადი ნივთებისა და მედიკამენტების გადაცემა, ასევე მივუტანეთ წიგნები და რვეული, რომ იმუშაოს. იზოლატორის თანამშრომლები კარგად იქცეოდნენ“, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

დროებითი დაკავების იზოლატორის თანამშრომლების თქმით, სააკაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს და აგრძელებს შიმშილობას.

„ჩვენ გავესაუბრეთ ექიმს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, მხოლოდ წყალს სვამს“, – აცხადებს ადვოკატი.

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.