სააკაშვილი - საბაჟოებზე სამოდელო სააგენტოს გოგოები მხოლოდ გასაღიმებლად მივიყვანეთ
საბაჟოზე რეალურად სამოდელო სააგენტოდან მოყვანილი გოგოები და ბიჭები ისხდნენ, რომელთაც მხოლოდ გაღიმება ევალებოდათ, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდა მეწარმეებთან და აქტივისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. სააკაშვილმა საქართველოში მისი პრეზიდენტად მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, თითოეულ სატვირთო კონტეინერს პროცედურების გასავლელად 5-7 წუთი სჭირდებოდა. დროის დაზოგვის მიზნით, მთლიანი მოცულობიდან სატვირთოების მხოლოდ 5-7%-ს ამოწმებდნენ – იმ კონტეინერებს, რომელთაც რისკების შეფასების სისტემა საეჭვოდ მიიჩნევდა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სისტემა რისკის შემცველი იყო, თუმცა ეს დროს ზოგავდა.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზეც. სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დასაწყისშივე, მათ 60%-მდე შეამცირეს გადასახადები და იმედოვნებდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტში შესული გადასახადები 40%-მდე გაიზრდებოდა, თუმცა ცვლილებიდან 3-4 თვეში გადახდილი გადასახადების რიცხვი გაორმაგდა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ხალხმა ბიუჯეტში თანხის შეტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც გონივრული განაკვეთი დაწესდა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ უფასოდ დაარიგეს სალარო აპარატები და წამახალისებელი გათამაშება წამოიწყეს, რომლის საშუალებითაც, სალაროდან ამოსულ თითოეულ ჩეკს მოგების შანსი ჰქონდა.