სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე გამომძიებელი დაიკითხა
სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე გამომძიებელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც გამოიძია საქართველოში დოქტორ დოტის ვიზიტის ეპიზოდი. გამომძიებელმა ისაუბრა, რომ ვიზიტის ხარჯები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არის დაფარული.

გამოძიების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ეს თანხა პირადი მიზნებისთვის, გასაიდუმლოებულ რეჟიმში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დახმარებით გაფლანგა.

გამომძიებელ გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, გამოძიების კვლევის საგანი იყო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.

„მე კონკრეტულ მიმართულებაზე ვიმუშავე. ეს იყო „დოქტორ დოტის“ ვიზიტი საქართველოში. ეს ეპიზოდი გამოვიკვლიე. დაიკითხნენ დაცვის წევრები, რომელ სასტუმროში იყო დაბინავებული. გარკვეულ პირებს თანხა ჰქონდათ გადარიცხული. დაკითხული მყავს მოწმეები. სასტუმროში „მანდარინში“, გერმანიაში პრეზიდენტს ერთ-ერთმა ქალბატონმა გაუკეთა მასაჟი, რაც მას მოეწონა და ამის შემდეგ მოხდა მისი აქ ჩამოყვანა. ამ ქალბატონმა რაღაც პერიოდის შემდეგ დაცვის წევრებთან და პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვა. ის ჩამოვიდა არაოფიციალურად პრეზიდენტის ვიზიტით. ხარჯი გაწია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ“, – განაცხადა გამომძიებელმა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.