მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას შენობასთან, მომხრეებთან ერთად, აქციას მართავს და სიტყვით გამოდის. როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს განუცხადა, კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს ელოდება და ხალხი რეგიონებიდან მიდის.
სააკაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, არ აწიონ ხელი ხალხზე, გაიყვანონ მანქანები ტერიტორიიდან და არ დაიცვან დამნაშავეები.
“ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ხალხი ვალდებულია შეიკრიბოს და აიძულოს პარლამენტი მოშორდეს. მოვუწოდებ უკრაინელებს, კიეველებს, აღარ მისცეთ ბარიგებს მოტყუების უფლება. პოროშენკოს, ლუცენკოსა და სხვებს არ უნდა ჰქონდეთ თანამდებობზე დარჩენის უფლება. მოვუწოდებ უკრაინელებს, შეიკრიბონ აქ და მოითხოვონ პოროშენკოს იმპიჩმენტი. დღეს, როდესაც დამაკავეს, უკრაინელი ხალხის გმირობა ვნახე. დავინახე, როგორ გამათავისუფლეს დაქირავებულებისგან; მე ვიხილე ხალხის სახეები, რომლებსაც არ ვიცნობ. მოვუწოდებ კიეველებს, დავდგეთ ერთად და მშვიდობიანად მოვუწოდოთ პარლამენტს და ვუთხრათ, რომ უკრაინა ხელში მატყუარებმა და ქურდებმა ჩაიგდეს. გვეყო რეპრესიები და ტყუილი. უკრაინა იქნება ყველაზე დიდი ერი მსოფლიოში.
კიეველებო, დღეს თქვენ გადამარჩინეთ სიკვიდილს. ამიტომ ჩემი სიცოცხლე თქვენ და უკრაინას გეკუთვნით. არ მინდა არანაირი თანამდებობა. მოდით აქ და ვუთხრათ ბანდიტებს, ქურდებს, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა და აღარ მოითმენს. ვაიძულოთ, მშვიდობიანი გზით წავიდნენ, სანამ ამის შანსი არსებობს. ველოდები კიეველებს, ჩვენ ადგილი ყველასთვის გვეყოფა. ხალხი რეგიონებიდან მოდის. გაფრთხილებთ, არ ასწიოთ ხელი ხალხზე, თქვენს დედებსა და მამებზე, გაწიეთ ეს მანქანები აქედან, არ დაიცვათ დამნაშავეები, ვისაც ყველას გაქურდვა სურს. ისინი თქვენ გამცირებენ. აქედან უკრაინელ ხალხთან ერთად მხოლოდ გამარჯვებული წავალ”, – მიმართა მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა.