სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქუთაისში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას შპს „ემჯიემტექსი“ გახსნა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით შეიქმნა. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარები შეიძინა.
მათვე ინფორმაციით, საწარმო უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს. შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.
საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, საწარმო სრული სიმძლავრით 2 თვეში გაეშვება და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. საწარმოს ადმინისტრაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. ინვესტიციის მოცულობას 2 000 000 ლარს, შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.