საქართველოში ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის მსგავსი შეცდომა 2003 წელსაც დაუშვა, ისტორია კი ადასტურებს, რომ საქმე თაღლითობას ეხებოდა, – ამის შესახებ უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის სიახლეების“ დირექტორმა, ოლეგ დეინეკამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინული სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე და თქვა, რომ ორგანიზაციამ შეცდომა შეგნებულად დაუშვა.
„საქართველოში ცნობილი გახდა, თუ როგორ ჩატარდა ხმების პარალელური დათვლა. ორგანიზაციამ, რომელმაც ჩაატარა პარალელური დათვლა, აღიარა, რომ ანგარიში იყო ფალსიფიცირებული, შემდეგ მან გამოასწორა შედეგები, ოფიციალურად გაზარდა მმართველი პარტიის ხმები და შეამცირა ოპოზიცის ხმების პროცენტი. ეს ორგანიზაცია არის „სამართლიანი არჩევნები“, იგივე „ისფედი“ (ISFED). ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა, რომ ხმების დათვლის დროს დაშვებული იყო ფორმულის შეცდომა, რის გამოც შესაბამისად შემცირდა მმართველი პარტიის ხმები და გაიზარდა ოპოზიციის ხმები. საქართველოში ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ISFED-მა ეს შეცდომა შეგნებულად დაუშვა. ეს არ იყო შეცდომა, არამედ დაგეგმილი აქცია, რომელიც შემდეგ შეცდომად იქნა აღიარებული. ადამიანი, რომელმაც დაუშვა შეცდომა ხმების დათვლის ფორმულაში, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამავე ორგანიზაციაში და გარდა ამისა, ესაა ადამიანი, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობას ემალება. ამის შემდეგ ISFED-მა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ორი პროცენტით მეტი მიიღო. თავიდან ISFED-ი ამბობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 45.8 პროცენტი მიიღო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი თქვა, რომ 48.22 პროცენტი. ISFED-ის ახალი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 47.6 პროცენტი აქვს, რაც ფაქტობრივად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსია“, – თქვა ოლეგ დეინეკამ.
სააგენტო „უკრაინის სიახლეების“ დირექტორმა აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ მსგავსი შეცდომა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროსაც დაუშვა, მაშინ ორგანიზაციას ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი იყო.
„ქართველმა ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ასეთივე შეცდომა დაშვებულ იქნა 2003 წლის არჩევნების დროს, რომელიც „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. მაშინ ISFED-ის კამპანიის ხელმძღვანელი იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოსვლის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გახდა. ეს ის ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს. მან უზრუნველყო რეჟიმის ცვლილება. სწორედ ჭიაბერაშვილის დახმარებით მიაღწია ამ ფარსმა და მანევრმა წარმატებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჭიაბერაშვილს სააკაშვილის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ კი გაასამართლეს სწორედ ხმების დათვლის მაქინაციისა და ხუთ მილიონზე მეტის გაფლანგვისთვის. ეს ისტორია ადასტურებს, რომ საქმე თაღლითობას ეხებოდა“, – აღნიშნა ოლეგ დეინეკამ.
უკრაინელი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ შესაძლებელია, ასეთივე თაღლითობას ადგილი ჰქონდეს უკრაინის ტერიტორიაზეც, რადგან მიხეილ სააკაშვილი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია „იფსოსის“ უკრაინის ფილიალთან, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალში გაეხვა.
„ეს კომპანია ცნობილი გახდა სკანდალის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან იყო განცხადება, რომ ფრანგულმა კომპანია „იფსოსმა“ თითქოს ჩაატარა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფრანგულმა კამპანიამ თავად უარყო გამოკითხვის ჩატარება და ეს ჩაატარა უკრაინის ოფისმა. დღეს ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ ეს სტრუქტურა, როგორც სოციოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ამართლებს ელექტორალურ განწყობებს, აჩვენებს მტკიცებულებას, რომ უკრაინელები მასობრივად უჭერენ მხარს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას. „იფსოსის“ უკრაინის ოფისი არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალში საქართველოში და უკრაინაში და მისი კვლევა, როგორც მინიმუმ, საეჭვო იქნება. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის გუნდით არის წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტოზე, ეკა ზღულაძესთან ერთად, რომელიც უკრაინაში პოლიციის რეფორმას ხელმძღვანელობდა, გადაღებულია ქალბატონი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა „ისფედს“. საქმე ეხება გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივი აზრის მომზადებაზე და მის გაყალბებაზე, ასევე რეფორმების მომზადებასა და მის გაყალბებაზე“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.
ამასთან, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა კიევში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჩაწერილი ოლეგ დეინეკას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში ხუთჯერ იმყოფებოდა გია ნაცვლიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ნასყიდაშვილს შეხვდა.
„ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ ISFED-ს კურირებდა სწორედ სააკაშვილი და ეს იყო მონაცემების შეგნებული ფალსიფიცირება. აგიხსნით რატომ: უკრაინაში მასთან ხუთჯერ ჩამოფრინდა გია ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია, სააკაშვილის კადრია და ვარდების რევოლუციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ის გახლდათ დეპუტატი და თუ არ ვცდები, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. გარდა სააკაშვილისა, ნაცვლიშვილი ასევე შეხვდა ირაკლი ნასყიდაშვილს – პროგრამისტს, რომელიც შემჩნეულია ეგზიტპოლების შედეგების გაყალბებაში, რომელმაც ვითომ შეცდომა დაუშვა, სინამდვილეში კი ეს განზრახ გააკეთა. ამის ახსნა მარტივად შეგვიძლია. ამ პროგრამისტის უშუალო ხელმძღვანელი სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი და თქვენი ქვეყნის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ამავე ორგანიზაციას 2003 წელს, ზუსტად იგივე კომპანიას, რომელმაც ახლა მცდარი მონაცემები გამოაქვეყნა, რასაც მოგვიანებით მთელი ოპოზიცია დაეყრდნო. სწორედ ეს მონაცემები გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა იმის სამტკიცებლად, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამ მონაცემებს იყენებდნენ საპროტესტო მუხტის ასაწევად. ასეთივე სცენარი იყო 2003 წელს, როცა „სამართლიან არჩევნებს“ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მოგვევლინა რევოლუციური ტალღის ავანგარდში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი სახელისუფლებო თანამდებობებზეც. ეს გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილს მესამე მაიდანის მოწყობა და ახალი რევოლუცია სურდა“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.