ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები კორონავირუსის გამო, თამაშების გადატანის შესაძლებლობას სწავლობენ .
სააგენტო „როიტერი“ ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს კონტაქტი აქვს ამ თემაზე დაინტერესებულ პირებთან.
ამასთან, იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ოლიმპიადა დათქმულ ვადებში გაიმართება, ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა, უბრალოდ, მზად არ არის თამაშების გადატანისთვის. უფრო ადრე, იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ოლიმპიადისთვის მომზადება 12 მილიარდი დოლარი დაჯდა და კიდევ სამი მილიარდი ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს სპონსორული გარიგებების ჩაშლის გამო.
„ჩვენ გვთხოვეს თამაშების გადატანის შემთხვევაში, მოვლენათა სიმულაციის ჩატარება. შევიმუშავეთ რამდენიმე ალტერნატიული სცენარი იმ ვადებზე დამოკიდებულებით, რომლითაც შეიძლება გადაიტანონ ოლიმპიადა”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
იმავე წყაროს სიტყვებით, მარტის ბოლოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ყველა ეს სცენარი, ისევე როგორც, ოლიმპიადის ჩატარება დათქმულ დროში, ოღონდ მაყურებლების გარეშე.
მეორე წყარო, რომელიც დაახლოებულია „ტოკიო 2020-ის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, იტყობინება თამაშების გადადების შესახებ ერთი ან ორი წლით.
„როიტერი“ ასევე დაუკავშირდა ოლიმპიადის სპონსორებს, მათ შორის, უმსხვილეს კორპორაციებს – Toyota-ს, Panasonic-სა და Japan Airlines-ს, რომლებიც ერთ აზრზე არიან – თამაშების გადატანა კოლოსალურ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ამიტომაც, ისინი ოლიმპიადისთვის მზადებას დაგეგმილი გრაფიკით აგრძელებენ.
ტოკიოს თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.