„საქართველოს სახელის მნიშვნელობა იზრდება კორონავიურსის კრიზისსა და მის ფარგლებს გარეთ“, – ამ სახელწოდებით სტატიას სააგენტო „იუპიაი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორია საერთაშორისო საგადასახადო და ინვესტიციების ცენტრის, ენერგეტიკის, ზრდისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი ჯეიმს გრანტი.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის კრიზისის მართვაში წარმატებას მიაღწია.
„გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიო ებრძვის სიკვდილსა და არეულობას, შავი ზღვის რეგიონში არის პატარა ქვეყანა, რომელიც ჯერჯერობით განსაკუთრებით კარგად მართავს კრიზისს: საქართველო. ამის გაკეთება მან ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის, შეერთებული შტატების დახმარებით მოახერხა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათაგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა. აქვე ნათქვამია, რომ დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
„ქვეყნის წარმატება ინფექციის გავრცელების შემცირებასა და სიკვდილიანობის დაბალი დონის უზრუნველყოფაში შემთხვევითი არ გახლავთ. მთავრობა სკრინინგს და მკურნალობას ყველა მოქალაქეს უფასოდ სთავაზობს, გადაუდებელი დახმარების ცენტრებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა საკმარისზე მეტია და კარანტინის ზომები მკაცრად არის აღსრულებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც ავტორი ამბობს, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. სწრაფად შეჩერდა ფრენები ე.წ. ცხელი წერტილების ჩინეთის, ირანისა და იტალიის მიმართულებით.
„საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ინფიცირებულთა სკრინინგი აეროპორტში დაიწყო. მედიაში, ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით დაიწყო კამპანია, რამაც საზოგადოების ცნობიერება აამაღლა და პანიკა შეამცირა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი მიიჩნევს, პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებას „საიმედო მოკავშირეებმა“ შეუწყვეს ხელი.
„ამ კოორდინაციის ცენტრში არის აშშ-ს მიერ დაფინანსებული რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრია. ეს მსოფლიო დონის დაწესებულებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფლობს და მართავს. ამ ცენტრში „COVID-19“-ზე ასობით ტესტის დამუშავება 24 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ლუგარის ლაბორატორია გახდა ძირითადი კვლევითი რესურსი შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის მხრივ, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც“, – წერს ავტორი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობა „პროაქტიული ნაბიჯებისთვის” შეაქო, თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსპირაციონისტებმა, „ცივი ომის“ ნოსტალგიური განწყობით, ლუგარის ცენტრის მნიშვნელობა უარყვეს და მას აშშ-ს მიერ დაფინანსებით მოქმედი, ბიოლოგიური იარაღის საკვლევი კერა უწოდეს“.
ავტორის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო „კრიზისის დროს „აშშ-ის გვერდით დგას“.
„11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა, ნატო-ს ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ, აამოქმედა ნატო-ს მეხუთე მუხლი, საქართველომ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების ამოცანების შესასრულებლად სამხედროები გააგზავნა, ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი გამოყო. ბოლო რვა წელია, საქართველო ავღანეთში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად რჩებოდა. ავღანეთში, აშშ-ს მეთაურობით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, 11 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა და ISAF- ის სამხედროებს შორის, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ დანაკარგი ჰქონდათ. 7 800 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა აშშ-ს ძალებთან ერთად ერაყშიც“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს 2001 წლიდან უწყობს.
„უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორია მოიცავს 2002 წლის „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, 2005 წლის „საქართველოს მდგრადობისა და სტაბილურობის პროგრამებსა და 2016 წლის „მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების შესახებ“. ყველა ეს პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებაზე. 2018 წლის ივლისის ბრიუსელის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წელს დადებული დაპირება, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მყარი არგუმენტები მოიყვანა, რითაც „ფაქტობრივად გაიმეორა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის მიერ მიუნხენის თავდაცვის 56-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოხატულ სენტიმენტები“.
„ასეთი ნაბიჯს კრემლი ნამდვილად დაუპირისპირდება, მაგრამ ნატო-ში სრულად ინტეგრირებული საქართველო უდავოდ გაზრდიდა რუსეთის მოქმედებების საფასურს რეგიონში და ხელს შეუწყობდა ნატო-ს მთავარ სტრატეგიული ამოცანის – შეკავების გაძლიერებას. საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ს ვალდებულებას, რომლითაც სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ ორ პროცენტს უნდა შეადგენდეს. ასევე აქვს ალიანსთან ერთობლივი წვრთნების ისტორია და უკვე აჩვენა შესაძლებლობები სამხედრო ურთიერთთანამშრომლობისთვის“, – წერს ავტორი.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის შეკავება, რომელიც მოიცავს ღია საომარ მოქმედებებს უკრაინასა და სირიაში, ასევე შარშანდელ კიბერშეტევებს საქართველოზე, „ძლიერი რეგიონული თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხერხდება.“
„მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს, მიწოდების ქსელები და სავაჭრო მარშრუტები ჩინეთს ჩამოაშოროს, საქართველოს ადგილმდებარეობა, ქვეყნის კეთილგანწყობილი ბიზნეს პოლიტიკა და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა, საქართველოს უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს საწარმოო და სატრანსპორტო ობიექტების განსათავსებლად. ისეთი კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა შარშან გამოცემული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, პოზიტიური ნაბიჯი იყო ამ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაში“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე „აშშ-მა შავი ზღვის რეგიონში მდებარე პარტნიორის მიმართ საპასუხო კეთილგანწყობა უნდა გამოიჩინოს“, კერძოდ, დაეხმაროს უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე COVID-19-თან გამკლავებაში.
„პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს წარმატებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გეოპოლიტიკური სირთულეების პერიოდში, საიმედო პარტნიორების საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე“, – წერს ავტორი.