სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

შემოწმების მიზანია შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე სამხედრო ძალების რეაგირების უნარისა და მზადყოფნის შემოწმება.

როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სამხედრო ნაწილები და დანაყოფები იმოქმედებენ უცნობ რაიონებში სწრაფად ცვალებადი გარემოებების პირობებში.

უწყებაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სამხედრო შემოწმების დროს გზებზე შესაძლოა, გადაადგილდეს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, მიმდინარე სამხედრო სწავლება არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მეზობელი ქვეყნისთვის ან ევროპისთვის.

„მიმდინარე ღონისძიებები ჯარების სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, თუმცა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს არც ევროპული საზოგადოებისთვის და არც რომელიმე მეზობელი ქვეყნისთვის“, – აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის უწყებაში.