ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2022 წლიდან ახალ საგრანტო პროექტს დაიწყებს.
სააგენტოს დირექტორის მოადგილის თორნიკე ზირაქაშვილის განმარტებით, პროექტის დამუშავება დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო წელს ბენეფიციარები უკვე განაცხადების შეტანას შეძლებენ. მისი თქმით, საგრანტო პროგრამა ტექნიკური ხასიათისაა და ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს მხარდაჭერას აღმოუჩენს სერტიფიცირების, ლაბორატორიული ტესტირების, შეფუთვისა და ბრენდირების მიმართულებით.
„მომავალი წლიდან მეწარმეებს მივაწვდით ახალ პროგრამას, რომელიც იქნება ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ეს იქნება გათვლილი კონკრეტულად ექსპორტიორებზე. პროგრამა მოიაზრებს, სერტიფიცირების, ლაბორატორიული ტესტირების, შეფუთვის, ბრენდირების და სხვა სახის მხარდაჭერას კომპანიებისთვის. ეს იმისთვის, რომ შეძლონ უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი თავი საერთაშორისო ბაზარზე. ეს იქნება საგრანტო პროგრამა, რომელიც მოიცავს ასევე თანადაფინანსების კომპონენტს. ჩვენ გავაკეთეთ ბაზრის ანალიზი და შევისწავლეთ, რა ჯდება პროგრამის თითოეული კომპონენტი. შესაბამისად, ჩვენი თანადაფინანსება ისე იქნება მოწყობილი, რომ საჭირო სერვისების 80-90% აანაზღაუროს. პროგრამის დამტკიცების ეტაპზე ვართ და სავარაუდოდ მომდევნო წლის პირველ კვარტალში პროგრამის ამოქმედება უკვე მოხერხდება“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ.