Rzeczpospolita - ოპერაცია „ვისლის“ შესახებ დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ პოლონეთში აღშფოთება გამოიწვია
პოლონეთში პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრები ოპერაცია „ვისლის“ შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებული განცხადების გამო აღშფოთდნენ.
დმიტრო კულება პანელურ დისკუსიაზე პოლონელ კოლეგასთან, რადისლავ სიკორსკისთან გამოდიოდა, კითხვა-პასუხის დროს მინისტრებს ჰკითხეს, როგორ ხედავენ ისტორიულ საკითხებზე დაძაბულობის შემცირების გზას.
რადოსლავ სიკორსკიმ თქვა, რომ შეიძლება „ან იდარდო იმაზე, რაც მეზობლებმა წარსულში გაუკეთეს ერთმანეთს, ასეთი თემები ყოველთვის იარსებებს, ან ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ მსგავსი რამ მომავალში და ვებრძოლოთ საერთო მტერს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლონურ-უკრაინული წარსული რთული იყო და რუსეთი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი ისტორიული საკითხების გამო უთანხმოება გააღრმაოს.
კულებას ასევე ჰკითხეს, როდის მოხსნის უკრაინა 1943-45 წლებში ვოლინის მოვლენების დროს დაღუპულთა ექსჰუმაციაზე აკრძალვას.
კულებამ კითხვის ავტორს მიმართა, იცის თუ არა 1947 წლის ოპერაცია „ვისლის“ შესახებ, როდესაც უკრაინელები იძულებით გადაასახლეს პოლონეთის სხვა ნაწილში, რომელთაგან ზოგიერთი ოლშტინში მოხვდა. უკრაინელმა მინისტრმა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოპერაციამ მოიცვა, როგორც უკრაინის მიწებზე, ისე ისაუბრა.
„ჩვენ შეგვიძლია ღრმად შევიდეთ ისტორიაში და დავიწყოთ ყველა ცუდი ფაქტის გახსენება, რაც პოლონელებმა გაუკეთეს უკრაინელებს, ხოლო უკრაინელებმა – პოლონელებს. მოდით, ეს კითხვები ისტორიკოსებს დავუტოვოთ“, – განაცხადა კულებამ.