რა მოხდა სავაჭრო ცენტრში
სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. სახანძრო სამსახურს ცენტრის მეოთხე, ბოლო სართულზე კვამლის შესახებ შეატყობინეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ან საბავშვო მოედნის სიახლოვეს ან კინოთეატრში გაჩნდა. ხანძრის ფართობი 1,5 ათას კვადრატულ მეტრს აღწევდა. შედეგად, კინოთეატრის ორი დარბაზის ჭერი ჩამოინგრა. ასევე თითქმის მთლიანად ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის სახურავიც. მეოთხე და მესამე სართულს შორის საყრდენი კონსტრუქციები მთლიანად დაინგრა.
თვითმხილველების ცნობით, საგანგებო სიტუაციების შეტყობინების სისტემა არ ამუშავდა. სირენის ხმა არავის ესმოდა. მათივე თქმით, დაბლოკილი იყო რამდენიმე ავარიული გასასვლელი. მოქალაქეების გეგმიური ევაკუაცია არ ჩატარებულა. ბევრი მოქალაქე ცეცხლის ალის გამო შენობაში ჩახერგილი აღმოჩნდა. ზოგიერთმა მათგანმა თავს ფანჯრიდან გადახტომით უშველა. ნაწილი კი სახურავზე ავიდა. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავაჭრო გასართობი ცენტრის მიერ დაქირავებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომელმა ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ შეტყობინების სისტემა საერთოდ გათიშა. თავად ეს ადამიანი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სახანძრო სიგნალიზაცია 19 მარტიდან არ მუშაობდა და ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელობამ იცოდა.
25 მარტის ღამეს სავაჭრო ცენტრში ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. 26 მარტს, დილით მაშველები იტყობინებოდნენ, რომ ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. თუმცა, ამის შემდეგაც ხანძარი რამდენჯერმე გადავიდა აქტიურ ფაზაში. კერძოდ, რუსეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ 26 მარტს 15:00 საათზე შენობა კვლავ იწვოდა. განახლდა ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებიც.
რამდენია დაღუპული და დაშავებული
ოფიციალური ცნობებით, ხანძრის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი, მათგან 41 ბავშვია. დაშავდა 44 მოქალაქე, 15-ი საავადმყოფოში დატოვეს. 28 მარტს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაკარგულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვი იმის გამო აღმოჩნდა, რომ სკოლაში არდადეგების დროს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ბავშვებისთვის პრომო აქცია მოქმედებდა. იმ ბავშვებს, ვინც ცენტრში მთელ დღეს გაატარებდა, სადილს და ვახშამს უფასოდ სთავაზობდნენ. აბონიმენტის მფლობელებს გასართობ პარკში შესვლა, მასტერ-კლასებზე დასწრება, კინოთეატრის სტუმრობა დამატებითი გადასახადის გარეშე შეეძლოთ.
ხანძრის დროს ასევე დაიწვნენ ის ცხოველები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში მდებარე კონტაქტური ზოოპარკიდან ვერ გამოიყვანეს. დირექტორის ინფორმაციით, ხანძრის დროს ზოოპარკში 25 სახეობის 200-ზე მეტი ცხოველი იყო. ყველა დაიღუპა.
რუსულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა დაღუპულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს. ბლოგერები ადგილობრივ მოსახლეობაზე, სავაჭრო ცენტრის და პროზექტურების თანამშრომლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ხანძრის დროს 150-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
საინტერესოა, რომ დაღუპული ბავშვების მშობლებს პროზექტურაში ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მათ ინფორმაციის გასაჯაროება ეკრძალებათ. ამ ცნობას მშობლები ადასტურებენ.
რამდენია ზარალის ოდენობა
სადაზღვევო კომპანიების მონაცემებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი ოთხ მილიარდ რუბლს აჭარბებს. აქედან სამი მილიარდით შენობის მფლობელები დაზარალდნენ, ხოლო ერთი მილიარდი რუბლი დაკარგეს იმ კომპანიებმა, რომლებიც შენობაში ფართს ქირაობდნენ. დამქირავებლების დიდი ნაწილი დაზღვევით არ სარგებლობდა. დაზღვეული არ ყოფილა თავად შენობაც.
რა გახდა ხანძრის მიზეზი
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობს. პირველი ეს არის წესების დარღვევით გაყვანილი ელექტრო ქსელი და მეორე „ცეცხლის ღია წყაროს გამოყენება“. მედიასაშუალებების ცნობით, შენობის მონტაჟის დროს, სავარაუდოდ, დაუშვეს შეცდომები, რის გამოც ელექტროქსელი დენის ძაბვის ცვლილებებს ვერ უძლებდა. კიდევ ერთი ვერსიით, ხანძარი სავაჭრო ცენტრში გარედან შეტანილი ნივთისგან გაჩნდა. ცეცხლის ძირითადი კერა მშრალი საბავშვო აუზი იყო. როგორც გამოძიების მიერ ცენტრის დირექტორისგან მიღებული ჩვენებიდან ირკვევა, მან ტრაგედიის დღეს საბავშვო მოედანთან ახლოს შენიშნა პირები, რომლებიც „ბოშებს ან კავკასიელებს მიამსგავსა“.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა საბავშვო მოედანზე არასრულწლოვანმა შეიტანა სანთებელა და პოროლონის ბურთებს ცეცხლი წაუკიდა. ასევე აღმოჩნდა, რომ ხანძრის დროს კინოთეატრის დარბაზის კარი, სადაც ბავშვები იყვნენ, გასაღებით ჩაკეტეს.
28 მარტს პუტინმა მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტს, დროულად დაასრულოს გამოძიება და გაარკვიონ თუ ვინ ჩაატარა 2016 წელს სავაჭრო ცენტრის ინსპექცია. ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძრამდეც იგრძნობოდა დამწვარი გაყვანილობის სუნი.
როგორ მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია
ოფიციალური ცნობებით, სამაშველო ოპერაციაში 600 ადამიანი მონაწილეობდა. კემეროველ მაშველებს მეზობელი რაიონიდან ჩასული კოლეგებიც ეხმარებოდნენ. როგორც საგანაგებო სიტუაციების სამსახურში ამტკიცებენ, მეხანძრეები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ცეცხლის ლიკვიდაციას, რადგან შენობა არ იყო მყარი. დაზარალებულების დასახმარებლად მობილიზებულები იყვენენ ფსიქოლოგებიც.
მიუხედავად ამისა, თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მეხანძრეები ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ და თავდაპირველად გაბედულად ვერ მოქმედებდნენ.
ვის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე
სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღძრეს. მათ შორის გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილი, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ხანძართან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი პირი. მათ შორის არის იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც სავაჭრო ცენტრის მომსახურებაზე იყო პასუხისმგებელი, ასევე დაცვის ერთი თანამშრომელი, რომელმაც შეტყობინების სისტემა გათიშა.
დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ნადეჟდა სუდენიოკი. 27 მარტს ყველა დაპატიმრებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 28 მარტს სუდენიოკი სასამართლომ ორი თვით დააპატიმრა.
საინტერესოა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ინფორმაციით, ნადეჟდა სუდენიოკი მხოლოდ შპს „ზამთრის ალუბლის“ მფლობელია, ხოლო თავად შენობა, როგორც ფონდში ამტკიცებენ, „კემეროვოს საკონდიტრო ფაბრიკის“ მფლობელ მილიარდერ დენის შტენგელოვს ეკუთვნის.
როგორი იყო რუსეთის მთავრობის რეაქცია
რუსეთის პრეზიდენტს კემეროვოში გაჩენილი ხანძრის დღეს და არც მომდევნო დღეს მოსახლეობისთვის არ მიუმართავს. 25 მარტს საღამოს პუტინის სამძიმარი მისმა პრესმდივანმა გაავრცელა. 26 მარტს რუსეთის ლიდერი ყატარის ემირთან სირიის პრობლემას განიხილავდა. კემეროვოში პუტინი 27 მარტს ჩავიდა, დამწვარ სავაჭრო ცენტრთან ყვავილები მიიტანა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. ხანძრის მიზეზად პუტინმა „დანაშაულებრივი გულგრილობა“ დაასახელა.
კემეროვის გუბერნატორი ამინ ტულეევი ტრაგედიის ადგილზე საერთოდ არ მისულა. სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკეს ტულეევის განცხადება, რომელშიც ის აქებს პუტინს და მადლობას უხდის მას იმისთვის, რომ პრეზიდენტი „დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მას ტელეფონით დაუკავშირდა“. ტულეევის თქმით, სავაჭრო ცენტრთან ის არ მისულა, რომ მის კორტეჟს მაშველებისთვის ხელი არ შეეშალა. 27 მარტს კემეროვოში გამართული მიტინგის დროს ტულეევი პუტინთან გამართულ თათბირზე იმყოფებოდა, სადაც ქუჩაში გამოსულ ხალხს „ოპოზიციონერები“ უწოდა.
კემეროვოს გუბერნატორმა 28 მარტს გაათავისუფლა თავისი მოადგილე და შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, რომლებთანაც რუსული მედიის ცნობით, ტულეევს ისედაც კონფლიქტი ჰქონდა. კიდევ ერთ გამოსვლაში ტულეევმა განაცხადა, რომ უცნობი პირები კემეროვოში „სიტუაციის არევას და ხალხის ქუჩაში გამოყვანას ცდილობენ“.
26 მარტს კემეროვოს ოლქში გამოცხადდა სამდღიანი გლოვა, ამის გამო სოციალურ ქსელებში ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს. საერთო ეროვნული გლოვის დღედ 28 მარტი, მხოლოდ გუშინ გამოაცხადეს.
რა არის ცნობილი სავაჭრო ცენტრის შესახებ
სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ზამთრის ალუბალი“ 2009 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2013 წელს მთლიანად გახსნეს. ის კემეროვოს ცენტრში ლენინის გამზირზე მდებარეობს. შენობის საერთო ფართობი 18.9 ათასი კვადრატული მეტრია. ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს მაღაზიები, ბანკის ფილიალი, კაფე, საბავშვო ცენტრი, კინოთეატრი, აუზი და ფიტნეს ცენტრი. შენობა „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატს“ ეკუთვნოდა, რომელის ხელმძღვანელიც მილიარდერი დენის შტანგელოვია.