რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების დოკუმენტი მოამზადა
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების დოკუმენტი მოამზადა.
როგორც აღინიშნა, შეფასების დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული პირობა – ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება. დიდწილად შესრულებულია პირობა – გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა, ასევე ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ნაწილობრივ შესრულდა ოთხი პირობა – დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, ანტიკორუფციული ზომები, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. შესასრულებელია ხუთი პირობა – დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლბებებისთვის, საფარი.