რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია ხერსონის ოლქში ძალების გადაჯგუფებას ახდენს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია გააუქმა
რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია ხერსონის ოლქში ძალების გადაჯგუფებას ახდენს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია გააუქმა.
„სიტუაციის შეფასების შემდეგ დაჯგუფება „დნეპრის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გადაისროლოს სამხედრო ძალების უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე, დნეპრის აღმოსავლეთით“, – ნათქვამი იყო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციაში, რომელსაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებდა.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერდა, გადაჯგუფების შემდეგ დაჯგუფება „დნეპრი“ გამოათავისუფლებს ძალების ნაწილს, რომლებიც ჩაერთვებიან სხვა მიმართულებებით მიმდინარე შეტევებში.
მოგვიანებით, „რია ნოვოსტიმ“ აღნიშნული ინფორმაცია გააუქმა.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ რუსული არმია იძულებული გახდა, უკან დაეხია ხერსონიდან და თავდაცვითი პოზიციების მოწყობა დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე დაეწყო.
ბოლო დღეებში მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, გამაგრდნენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ახალ პოზიციებზე. როგორც „ბიბისი“ იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლება კრინკი და იქ მძიმე ტექნიკაც გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია „ბიბისის“ რუსეთის არმიაშიც დაუდასტურეს.
როგორც „ბიბისის“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უთხრეს, უკრაინელ სამხედროებს ამ წერტილიდან სურთ უფრო მასშტაბური შეტევის დაწყება, რუსული ძალების გაყოფა და მათი მომარაგების ხაზის გაწყვეტა.