რუსული თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა
რუსული თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა

რუსული თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა. საქმე ეხება თანამგზავრ „კოსმოს-2430“-ს, რომლიც სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელ სისტემა „ოკოს“ შემადგენლობაში შედიოდა. თანამგზავრი ორბიტიდან მოწყდა და ატმოსფეროში დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბში აცხადებენ, რუსული თანამგზავრი 5 იანვარს დაიწვა. მისი ვარდნის ხილვა ახალი ზელანდიის ცაზე 6 იანვარს იყო შესაძლებელი.

„კოსმოსი-2430“ ორბიტაზე 2007 წელს გავიდა. ის იმ თანამგზავრების სისტემაში შედიოდა, რომელიც ატმოსფეროში ინფრაწითელ გამოსხივებას აკონტროლებს და ამ გზით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აშშ-ის ტერიტორიიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ატყობინებს.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სისტემის ახალი თანამგზავრებით აღჭურვას აპირებს.