რუსული რაკეტების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის გამო, საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ „ტვიტერში“ დაწერა.
„დღეს დილით, შავ ზღვაში მდებარე რუსული გემებიდან, უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გავეცი დავალება, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახონ რუსეთის ელჩი“, – წერს ნიკუ პოპესკუ.