რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად კრემლიდან ხუთ კილომეტრზე მდებარე შენობა დაზიანდა და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოსკოვში დააზიანა შენობა, რომელიც კრემლიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრითაა დაშორებული.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი შენობას მას შემდეგ შეეჯახა, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მოსკოვის მერის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მოსკოვის დროით დილის 04:00 საათზე კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე მორიგი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მომხდარის გამო საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა ოთხ აეროპორტში – ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტევოში. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, შვიდი რეისი ალტერნატიულ აეროპორტებში გადამისამართდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.