რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა
რუსეთში უკანონოდ ანექსირებული უკრაინის რეგიონების საზღვრები დაადგინეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრები განისაზღვრება რესპუბლიკის საზღვრებით მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები განისაზღვრება იმ ტერიტორიის საზღვრებით, რომელიც არსებობდა მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. განმარტებულია, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, რომელიც დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიასთან, იქნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.
დოკუმენტის მიხედვით, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების საზღვრები განისაზღვრება ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. ასევე მითითებულია, რომ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საზღვარი, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.
მანამდე, 2 ოქტომბერს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების პაკეტი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.