რუსული მედიის ინფორმაციით, სირიაში აშშ-ის მოსალოდნელი სარაკეტო იერიშის გამო, რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია
რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელ სარაკეტო იერიშთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა გააკეთა.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა.
„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს და გაანადგურებს. მოამზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, შესანიშნავები, ახლები და „ჭკვიანები“. თქვენ არ უნდა იყოთ გაზით გამგუდავი მხეცის პარტნიორები, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს “, – დაწერა დონალდ ტრამპმა.