რუსული მედიის ინფორმაციით, შვეიცარიულ ბანკებში რუსი კლიენტების ანგარიშებზე კონტროლს ამკაცრებენ
რუსული მედიის ინფორმაციით, შვეიცარიულ ბანკებში რუსი კლიენტების ანგარიშებზე კონტროლს ამკაცრებენ.
როგორც რუსული მედია ორ შვეიცარიელ ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება, შვეიცარიულმა ბანკებმა რუსი კლიენტები გააფრთხილეს, რომ მათი ანგარიშები დაიხურება, თუ ისინი რუსეთის ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს.
როგორც შვეიცარიული იურიდიული ბიურო „ლეოლექსის“ წარმომადგენელი რომან კუდინოვი აცხადებს, ერთი თვის წინ მათ მიმართეს შვეიცარიული ბანკების „იუბიესისა“ და „კრედიტ სუისის“ ათეულობით კლიენტმა, რომლებსაც არაოფიციალურად დაუკავშირდნენ ბანკების თანამშრომლები და გააფრთხილეს, რომ უარი უნდა თქვან რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიების ფლობაზე, შეწყვიტონ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ანგარიშები დაიხურება.
კუდინოვის თქმით, ამ გაფრთხილებას ბანკების მხრიდან კონკრეტული ქმედებები ჯერ არ მოჰყოლია. მისივე განცხადებით, შვეიცარიულ ბანკებში მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ მათი კლიენტები გადასახადებს უხდიან იმ სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს. კუდინოვი აცხადებს, რომ ბანკები იძულებული არიან, ასეთ ქმედებებს მიმართონ, რადგან მათზე ზეწოლას შვეიცარიის მთავრობა ახდენს.
„კრედიტ სუისში“ ამ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. მანამდე შვეიცარიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში 7.5 მილიარდი ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინეს.