რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ყველა თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ყველა თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ყველა თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საჰაერო სივრცის შეზღუდვა 25 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათიდან ამოქმედდა და ვრცელდება საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც ეკუთვნის, იჯარით აქვს აღებული ან ექსპლუატაციაში აქვს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ პირს, ან რომლებიც დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული.

„როსავიაციაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ზომა მიღებულია „დიდი ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლების არამეგობრული გადაწყვეტილებების“ საპასუხოდ.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.